ინდონეზიის პროვინცია ასეჰში ადგილბრივმა პოლიციელებმა პანკ-კონცერტი ჩაშალეს, 65 პანკი დააპატიმრეს და თავები გადაპარსეს. ადგილობრივი პოლიციის განმარტებით პანკები მუსულმანურ ღირებულებებს არ იზიარებენ და საზოგადო მორალს პატივს არ სცემენ. სწორედ ამიტომ მოხდა მათი დაკავება.
პანკებს პოლიციამ დამახასიათებელი ვარცხნილობის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ტარება აუკრძალა. ამ ფაქტზე ასეჰის პოლიციის უფროსმა ისკანდერ ჰასანმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიციას არასწორი არაფერი გაუკეთებია. „ჩვენ არავინ გვიწამებია და ადამიანის უფლებებიც არ დაგვირღვევია, უბრალოდ ახალგაზრდების სწორ მორალურ გზაზე დაბრუნებას ვცდილობთ.“ – განაცხადა ჰასანმა.

ჰასანმა, პოლიციის ქმედებები გაამართლა და თქვა, რომ კონცერტის ჩაშლა და შემდგომში პანკების წყალში ჩაყრა, მათი სულის გაწმენდის სურვილით იყო განპირობებული.
ასეჰში კონცერტზე დასასწრებად ახალგაზრდები ინდონეზიის სხვადასხვა პროვინციიდან იყვნენ ჩასულები. ახლა დაკავებულებს 10 დღიანი დისციპლინარული სასჯელი ემუქრებათ. პოლიციის განცხადებით, ახალგაზრდებს სამხედრო დისციპლინასა და რელიიგის პატივიცემას ასწავლიან, რის შემდეგაც ოჯახებში დააბრუნებენ.
ასეჰი ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რადიკალური, მუსულმანური პროვინციაა. აქ ქალებს ჩადრის ტარებას აიძულებენ, ხოლო ჰომოსექსუალობა პატიმრობით ისჯება. პროვინცია 2005 წლის შემდეგ ნახევრად-ავტონომიურის სტატუსს ატარებს. ინდონეზიის მთავრობამ ასეჰს ეს სტატუსი პროვინციასა და ცენტრალურ მთავრობას შორის ომის შემდგომ მიანიჭა. შეგახსენებთ, რომ 2005 წელს ასეჰის სეპარატისტული ძალები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ ინდონეზიის მთავრობის წინააღმდეგ.
ვრცლად სტატია იხილეთ “ბი-ბი-სის” გვერდზე

