Feeds:
Posts
Comments

“ტელეგრაფის” ცნობით მიხეილ პროხოროვი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭის ყრას აპირებს. პროხოროვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ფორბსის მონაცემებით მისი ქონება 18 მილიარდ დოლარს შეადგენს და მილიარდელების სიაშიც 39-ე პოზიცია უჭირავს. რუსი მილიარდელი ნიუ ჯერსი ნეტსის მფლობელია.

 

პარალელურად, თბილისში “ქართული ოცნების” პრეზენტაცია შედგა. “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტია. ივანიშვილი საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანია და მისი ქონება ჯამში 5.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ასევე აცხადებს პრეტენზიას საქართველოს პირველი პირის თანამდებობაზე.

 

ექსპერტი და წინასწარმეტყველი მაიკლ ნოსტრი აცხადებს, რომ ივანიშვილიც და პროხოროვიც აუცილებლად გაიმარჯვებენ მომავალ არჩევნებში და შესაბამისად საქართველოსა და რუსეთის ლიდერები გახდებიან.

 

ნოსტრის ამ განცხადებას გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ითვალისწინებს რა შექმნილ ვითარებას, აპირებს საერთოდ გააუქმოს საჯარისო ნაწილები და ტრეიდერების მომზადება დაიწყოს. თავდაცვის სამინისტროში ეჭვობენ, რომ ორი მილიარდელის დაპირისპირება უპირველეს ყოვლისა ვოლ სტრიტზე გაიმართება, სადაც რუსეთი კვლავ შეეცდება ქართული ბიზნესის ოკუპირებას, რასაც თავდაცვის სამინისტრო არ დაუშვებს. “ჩვენი ლიდერის მილიარდები აუცილებლად იქნება დაცული, პროხორივსგან და დამქაშების სამქულიანებისგან” – ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

თავდაცვის სამინისტრომ უკვე გადადგა მოსამზადებელი ნაბიჯები და საქართველოში ჩარლი შინი მოიწვია. შეგახსენებთ, რომ ჩარლი შინმა მთავარი როლი შეასრულა ოლივერ სტოუნის ფილმში “ვოლ სტრიტი : ფულს არ სძინავს”.

რა მოხდებოდა ფილმი “ფილადელფია” ლივორნოში რომ გადაეღოთ? ალბათ ტომ ჰენქსის გმირი კომუნისტი რევოლუციონერი იქნებოდა და ლივორნოს ცენტრალურ ბაზარს ღამე, ჩუმად, მიაწერდა “არა ომს – გაუმარჯოს რევოლუციას”. ბრიუს სპრინგსტინი აღარ დაწერდა “Streets of Philadelphia”-ს და სამყაროც ერთი კარგი სიმღერის გარეშე დარჩებოდა, თუმცა მიიღებდა მეორეს, ალბათ არანაკლებ გენიალურს, “Strade di Livorno”-ს. მეეჭვება ამ ფილმს ისეთივე წარმატება ჰქონოდა ოსკარზე, როგორც ფილადელფიას. ზოგჯერ, განსხვავებულობა მართლა ცუდი ტონია ამერიკაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კომუნისტებს ეხებათ.

თუმცა ლივორნოს საერთოდ არ სჭირდება ტომ ჰენქსისნაირი გმირები, მას თავისებიც საკმარისად ჰყავს და ცენტრალურ ბაზარზეც მაინც წააწყდებით ამ წარწერას “არა ომს – გაუმარჯოს რევოლუციას”.

ეს ქალაქი ყოველგვარი ფილმების, მუსიკის, ლიტერატურისა და მხატვრობის გარეშეც, მაინც ნახევრად ბელეტრისტიკულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ქალაქის თანამედროვე ისტორია ერთგვარი რომანია, რომელიც 1921 წლიდან იწყება, როდესაც ტურინიდან ქალაქში ანტონიო გრამში ჩამოდის თავის თანამოაზრეებთან ერთად და ლივორნოს კომუნისტურ მოძრაობას უერთდება. 1921 წელს იტალიაში პირველი კომუნისტური პარტია ფუძვნდება, რომელიც 1912 წლის კომუნისტური ფრაქციისგან წარმოიშვება და ლივორნოს თანამედროვეობის ერთ-ერთ გამროჩეულ, მემარცხენე, ქალაქად აქცევს. მეორე მსოფლიო ომის დროს ლივორნო იტალიელი პარტიზანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი იყო და აქაურ თავშეყრის ადგილებშიც ხშირად გაიგონებდით “ბელა ჩაოს”. ამბობენ, რომ პირველად ეს სიმღერა სწორედ ლივორნოში შეასრულეს, მაგრამ ვინ იცის. ლივორნოელები თავიანთი მემარცხენე შეხედულებებით დღემდე გამოირჩევიან და სად უნდა გამოხატონ მათ თავიანთი პოზიცია თუ არა ქალაქის ქუჩებში და ფეხბურთის მოედანზე?!

Continue Reading »

2011 წლის 9 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე ევროზონის რეფორმაციის შესახებ შეთანხმება უნდა მიეღოთ, თუმცა ბრიტანეთის პრიმიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ვეტოს უფლება გამოიყენა და შეთანხმებაც ჩავარდა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სამიტზე განხილული ახალ შეთანხმებას ევროკრიზისიდან ევროპის გამოყვანაში დიდი როლი უნდა ეთამაშა. ამჟამად ევროპის ბანკები “გადასარჩენად”  ჯამში 115 მილიარდ ევრომდე საჭიროებენ.   ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ ევროპაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და ზოგის აზრით ევროზონა საერთოდ დაშლის წინაშეც კი დააყენა. ევროპულ პრესაში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურებები მოჰყვა.

 

“Le monde” ბრიტანეთის პრემიერს აკრიტიკებს და კუნძულელების ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც – “კიდევ უფრო კარჩაკეტილი, ვიდრე მანამდე”. საერთოდ “Le monde” ბრიტანეთის მიმართ ცუდად არაა განწყობილი, თუმცა ამ შემთხვევაში წერს, რომ “ბრიტანეთს არასდროს სჯეროდა ევროპის კავშირის, ისინი უცხოელები არიან”.

 

“Le figaro” კემერონის ვეტოს “ბრიტანეთის იზოლაციის ახალი ერის” დასაწყისად მიიჩნევს და თავის საიტზე აქვეყნებს გამოკითხვას – “არის თუ არა ბრიტანეთის ადგილი ევროპაში?”.

 

კემერონის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი მიიჩნევდა, რომ ბრიტანეთი საერთოდ ევროკავშირში ყოფნაზე ამბობს უარს, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით, ეკონომისტმა ფრანჩესკო სარაკენომ “L’Expansion”-თან საუბრისას აღნიშნა, რომ “ბრიტანეთი არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს ევროკავშირს, ის ძალიან დიდ სარგებელს ნახულობს ევროპისგან”.

 

მართალია ანგელა მერკელი შეეცადა არ გაეკთებინა რადიკალური დასკვნები, მაგრამ გერმანულმა პრესას ეს ნამდვილად არ უცდია. “Auf Wiedersehen, England!”  - სტატიას ასეთი სათურით შპიგელში გადააწყდებით. შპიგელი კემერონის ვეტოს ისტორიულ გადააწყვეტილებად აფასებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილებამ საეჭვოა, რომ ევროპა დადებით შედეგამდე მიიყვანოს. როლანდ ნელესმა ევროკავშირს “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი უწოდა, რომელსაც კონტინენტზე სამუდამო მშვიდობა უნდა დაემყარებინა”, თუმცა იქვე დაამატა, რომ ამ პროექტმა ბრიტანეთის წყალობით კრახი განიცადა და თვითონ ევროკავშირიც დაშლის პირასაა. ნელესის ამ მოსაზრების გასამყარებლად იგივე შლიგელის ვებ-გვერდზე გამოჩენილი სტატია დავასახელოთ, რომელიც იუწყება, რომ ევროპის 6 სახელმწიფო (ბულგარეთი, დანია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და რუმინეთი)  დამოუკიდებელი შეთანხმების შესახებ აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას.

 

გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ტაბლოიდმა Bild-მა “თავის სტილში” შემოგვთავაზა ეს ფაქტიც და დაბეჭდა სტატია სათაურით – “ევრო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბრიტანელები”.

 

იტალიური პრესა ჯერ-ჯერობით ასე გამოკვეთილ პოზიციას არ აფიქსირებს, თუმცა La Repubblica-სა და Corriere della Sera-ს კომენტატორები მაინც აქტიურობენ. ერთ-ერთი კომენტატორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა ალტერნატივა უარესი ყოფილიყო.

 

ვრცლად სტატია წაიკითხეთ “გარდიანში” . სტატიის ძირითადი ნაწილი “გარდიანში” გამოქვეყნებული წერილის თარგმანია.

  

ჟურნალი ფორბსი 2011 წლის დეკემბრიდან ქართულ ენაზეც გამოიცემა. ქართულენოვანი ფორბსი, ჟურნალის მეოცე საერთაშორისო გამოცემა იქნება და ყოველთვიურად 3000-იანი ტირაჟით გამოვა. ფორბს – საქართველოს შესახებ ოფიციალური განცხადება 2011 წლის 8 დეკემბერს გაკეთდა

 


ქართულენოვანი გამოცემის მთავარი რედაქტორი რევაზ საკევარიშვილი იქნება. რევაზ საკევარიშვილი მანამდეც იკავებდა წამყვან თანამდებობებს სხვადასხვა მედია-საშუალებებში. „ჟურნალის მთავარი იდეოლოგიაა – მოიძიოს და მკითხველს მოუთხროს ადამიანებზე, იდეებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც ცვლიან სამყაროს. იგი ქართველ მკითხველს მიაწოდებს საუკეთესოს, რაც Forbes-ის ამერიკულ და სხვა საერთაშორისო გამოცემებში იქმნება და ფასეულია წარმატებასა და წინსვლაზე ორიენტირებული ყველა ქვეყნის, კომპანიის, ბიზნესმენისა თუ ცალკეული ადამიანისთვის.“ – განაცხადა რევაზ საკევარიშვილმა.

 

ჟურნალის პარალელურად, შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ყოველდღიურად განახლებადი ვებგვერდიდანაც. ფორბს – საქართველო პირველი საერთაშორისო ბიზნეს ჟურნალია საქართველოში.

 

დღეისათვის ფორბს-მედია  ბეჭდვურ და ინტერნეტ-გამოცემებს მოიცავს. ფორბსის ვებ-გვერდი წამყვან პოზიციას იკავებს მსოფლიოში ბიზნეს გამოცემების ელექტრონულ ვერსიებს შორის. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ყოველთვიურად 21 მილიონზე მეტი ადამიანი კითხულობს. ჟურნალი ფორბსი და ფორბს-აზია კი მსოფლიოში 6 მილიონ მკითხველზე მეტს ითვლის.

 

 წყარო : ჟურნალი ლიბერალის ვებ-გვერდი  - ფორბსი ქართულ ენაზე გამოდის.

თავიდან როცა ერთმა მეგობარმა მომწერა ჩემი ახალი პროექტი ნახეო, ლინკი ისე გავხსენი თითქოს არაფერი. ბოლო დროს ცოტა სკეპტიკურადაც კი ვუყურებ ამ ახალ პროექტებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ლინკზე დაკლიკვით მე ჩემი ახალი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფი აღმოვაჩინე.

Ultraviolent – დათო გოგოლაძის (ბურზუმა) და შოთა ხატოევის ახალი პროექტია. ორი კაი ტიპის, რომლებიც დიდ დიღომში, Sweet Home Studio-ში თავისას ისწორებენ და არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ ჯგუფად გადაქცევა ემუქრებათ. ჯგუფი ალტერნატივას უკრავს და ხან ანდერგრაუნდზე მღერის ხან კიდევ ჟოზეფინაზე. ეს ცოტათი უფრო შერბილებული და მსუბუქი Joy Division-ია ან უფრო Sonic Youth. უფრო სწორად ეს ჯგუფი არცერთ სხვა ჯგუფს არ ჰგავს, ბურზუმას ვოკალიც და მუსიკაც ჩემთვის სიახლეა, აღმოჩენაა.

მოკლედ, მუსიკაზე ბევრ ლაპარაკს ყოველთვის მისი მოსმენა ჯობია და ჯგუფის როლზე “ეროვნული ჰანგების” განვითარებაშიც ახლა ბევრს ვერ ვილაპარებთ. ამიტომ ჯერ უბრალოდ მოვუსმინოთ, დაველოდოთ ახალ ტრეკებს (სიახლეებს შეიძლება თვალი ადევნოთ ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე)  და ვნახოთ თუ როგორ განაგრძობს ეს ძალიან კარგი ჯგუფი, ძალიან კარგ სტარტს.

ბელგიას ახალი მთავრობა და ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ქვეყანამ “მსოფლიოს რეკორდი” მოხსნა და მთავრობა 541 დღის განმავლობაში საერთოდ არ ჰყოლია. ბელგიის ახალი პრემიერი ელიო დი რუპიოა, ფრანგულენოვანი სოციალისტი. ელიო დი რუპიო ევროპაში პირველი გეი პრემიერ მინისტრია. დი რუპიო მზადაა შეადგინოს 13 კაციანი კოალიციური კაბინეტი სადაც  ფრანგულენოვანი ვალონები,  ჰოლანდიურად მოსაუბრე ფლანდრიელები, ქრისტიან-დემოკრატები და ლიბერალური პარტიების წარმომადგენლები შევლენ.

კოალიციაში არ შედის სეპარატისტურლი შეხედულებების მქონე “ახალი ფლანდრიული ალიანსი”, რომელმაც ფლანდრიაში 2010 წლის ივნისის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მიიღო. ფლანდრიელები ჰოლანდიურად საუბრობენ და ბელგიის ჩრდილოეთში ცხოვრებენ. მათი რიცხვი 6.5 მილიონს აღწევს, როცა ბელგიის სამხრეთში მცხოვრები ფრანგულენოვანი ვალონები მხოლოდ 4.5 მილიონი არიან. ჰოლანდიური დღეისთვის ბელგიის მთავარ სასაუბრო ენად ითვლება.

ახალმა პრემიერმა ჰოლანდიური საერთოდ არ იცის, თუმცა პირობას დებს, რომ ამაზე იმუშავებს. “მე აუცილებად ჰოლანდიურ ენაზე ვუპასუხებ ჩემს ოპონენტებს პარლამენტში, თუნდაც შეცდომებით” – აცხადებს დი რუპიო. ბოლოს ბელგიას ფრანგულენოვანი პრემიერი 40 წლის წინ ჰყავდა. დი რუპიო ასევე პირველი სოციალისტი მთავრობის ლიდერია ბელგიისთვის 1974 წლის შემდეგ.

დღეს, 7 დეკემბერს, დი რუპიო ახალი კაბინეტის 180 გვერდიან პლატფორმას წარუდგენს პარლამენტს და ევროპავშირის სამიტზე უკვე ბელგიის ახალი პრემიერის რანგში გაემგზავრება.

ვრცლად იხილეთ “ტელეგრაფში”

ევროკრიზისის პირობებში, როდესაც ევროპის ბანკების უმეტესობა დამატებით ფინანსებს საჭიროებს, გერმანიის მთავრობამ კომეცბანკის სრული ნაციონალიზაცია გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ კომეცბანკმა უკვე მიიღო სახელმწიფო სუფსიდიები და ახლა მთავრობა ბანკის მეოთხედს ფლობს, თუმცა, თუკი კომერცბანკის კრიზისის დაძლევას ზაფხულამდე ვერ მოახერხებს გერმანიის მთავრობა  ”სოფფინ” ფონდს აამოქმედებს და ბანკს მთლიანად შეიძენს.

დღეისათვის ევროპის ბანკები 200 მილიარდამდე ევროს დამატებით კაპიტალს საჭიროებენ. აქედან 10 მილიარდი მხოლოდ გერმანულ ბანკებს სჭირდებათ. 5 მილიარდის დამატებითი კაპიტალი ამ ეტაპზე კომერცბანკის დასახმარებლად საკმარისი იქნება, დამატებით 3 მილიარდი კი “დოიჩე ბანკის”. თუმცა კომერცბანკის მენეჯერები აცხადებენ, რომ სახელმწიფო არ ჩაერევა ბანკის საქმიანობაში და ისინი თვითონ ეცდებიან არსებული კრიზისის გადალახვას.

კომერცბანკი გერმანიის მეორე ბანკია და ფაქტია, რომ მისი შესაძლო ნაციონალიზაცია შესაძლოა განვიხილოთ, როგორც გერმანიის მთავრობის მიერ კრიზისის გადალახვის გეგმა. ეს ერთმნიშვნელოვნად მემარცხენე მიდგომაა და არსებული სიტუაციიდან შესაძლოა ერთადერთი გამოსავალიც კი იყოს. ვნახოთ დასჭირდება თუ არა ბანკს სახელმწიფოს დახმარება და რამდენად შესძლებს დანარჩენი ევროპა კრიზისის გადალახვას. ახლა კი, საშობაოდ ალბათ კომერცბანკისა და ზოგადად ევროპული ბანკებისთვის მთავარი საჩუქარი, იტალიაში სტაბილური მდგომარეობა იქნება. ვინაიდან იტალიაში სიტუაციის გართულება კიდევ უფრო გაამწვავებს ევროკრიზისს.

ცრცელი სტატია ამ თემაზე იხილეთ “შპიგელში” .

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 120 other followers